logo
ENG



კაპანაძე: ამ არჩევნებზე კონკრეტული ტიპის "კარუსელები" გამოიყენეს

03 ნოე 202012:27
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს წევრმა სერგი კაპანაძემ 31 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არჩევნების დღეს გამოყენებული იყო ე.წ "კარუსელი". 

როგორც კაპანაძე განმარტავს, არჩევნებზე ერთ-ერთი ადამიანი ქართული ოცნებიდან უბანზე, ურნაში ცარიელ კონვერტს აგდებდა, ცარიელი ბიულეტენი კი გარეთ გამოჰქონდა. მოგვიანებით ოცნების შტაბში გარეთ გამოტანილ ოქმებზე 41-ს ხაზავდნენ:

​"ამ არჩევნებზე, როგორც ჩანს, გამოიყენებოდა კონკრეტული ტიპის კარუსელები, რომელსაც მე ვეძახი ბიძინას კარუსელებს:

ერთ-ერთი ადამიანი ქართული ოცნებიდან შედის უბანზე, იღებს ბიულეტენს, ცარიელ კონვერტს აგდებს ურნაში და ცარიელი ბიულეტენები გამოაქვს გარეთ.

შემდეგ ოცნების შტაბში ხდება ამ ბიულეტენების შემოხაზვა 41-ით, შემდეგი ადამიანი, ვისაც ასევე ან ფული აქვს აღებული, ან მუქარა განხორციელდა შედის იქ, იღებს შემოხაზულ ბიულეტენს, ბრუნდება უკან აგდებს უკვე შემოხაზულ ბიულეტენს კონვერტში და შემდეგ ურნაში და მოაქვს აქეთ ცარიელი ბიულეტენი", - ამბობს კაპანაძე.

პარლამენტში შესვლაზე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უარი თქვა. ისინი არჩევნების შედეგებს არ სცნობენ და ამბობენ, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნები გააყალბა.

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები, რომელმაც საარჩევნო ხმები პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებულ შედეგებში სხვაობა 3-4%-ია. ორგანიზაციამ გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის, დისბალანსი ოქმებს შორის. ISFED აცხადებს, რომ ეს დარღვევა უბნების 8%-ში გამოვლინდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა მაქსიმუმ 4.1%. ორგანიზაცია აცხადებს, რომ აუცილებელია მოხდეს იმ უბნების შედეგების გადათვლა, სადაც ოქმებში დისბალანსი იყო. 

იყო ე.წ კარუსელებიც. მათ შორის, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ გაავრცელა ვიდეო, რომლითაც ჩანს, რომ მარნეულის ერთ-ერთ უბანზე ერთმა ადამიანმა ხმა მინიმუმ 10-ჯერ მისცა. 

გამოვლინდა ამომრჩევლის პირდაპირი გზით მოსყიდვის შემთხვევებიც. მედიებმა მოიპოვეს სიები, რომლითაც დასტურდება, რომ ამომრჩევლების ნაწილმა ხმა ფულის სანაცვლოდ მისცა. რამდენიმე მათგანმა ფორმულასთან სატელეფონო საუბარშიც დაადასტურა, რომ მათ 40-50 ლარი გადაუხადეს. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.


close დახურვა